Search
Close this search box.

მოგზაურობა ფლორენციაში

მოგზაურობა ფლორენციაში

ფლორენცია არის ქალაქი, რომელზედაც ბევრია შეყვარებული, ხოლო ბევრისთვის იგი ოცნების ქალაქია. დანარჩენებისთვის კი ეს არის ქალაქი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი თვალით ნახოთ სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარი.

ეს უზარმაზარი ტაძარი ფლორენციის სიმბოლოა, რომელიც რაღაც მაგიურად შესცქერს ფლორენციაში ჩასულ ტურისტებს, ატყვევებს თავისი იდუმალებით, გეგონება რაღაცის თქმა უნდაო, მას ხომ ბევრი რამ უნახავს.

ფლორენცია ქალაქი-მუზეუმია, ეს ქალაქი გაჟღენთილია ხელოვნებით, ისტორიით, კულტურით, ინოვაციურობითა და მაგიურობით, მისი სიმდიდრენი ათობით ქალაქს ეყოფოდა, მაგალითად პონტე ვეჩიოს ხიდი, ბობოლის ბაღები, პიტის სასახლე, სანტა-კროჩეს ტაძარი, სხვადასხვა გალერეასა და მუზეუმში მოქცეული ფერწერისა და ხელოვნების ნიმუშები და ა.შ.

პონტე ვეკიო

ფლორენციის ხიდებიდან ყველაზე გამორჩეული – პონტე ვეჩიოა. იგი აშენდა ჯერ კიდევ რომის იმპერიის პერიოდში და 1218 წლამდე ეს იყო ერთადერთი ხიდი, რომელიც კვეთდა მდინარე არნოს.

აღნიშნული ხიდი დიდი მნიშვნელობის იყო მედიჩების მმართველობის პერიოდშიც, სწორედ ამ პერიოდში მოხდა მისი რესტავრაცია. აღსანიშნავია, რომ პონტე ვეჩიოს ხიდი გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს, როდესაც გერმანელებმა ყველა სხვა ხიდი გაანადგურეს.

პონტე ვეჩიოსთან არის დაკავშირებული შეყვარებულ წყვილთა ტრადიცია, ისინი აბამენ ბოქლომს ხიდს და გასაღებს წყალში აგდებენ, ნიშნად მათი მუდმივი და ძლიერი სიყვარულისა.

პიტის სასახლე

პიტის სასახლეში რამდენიმე მუზეუმია განთავსებული, ეს არის ფლორენციის კულტურის კერა, რომელიც მე-15 საუკუნეში აშენდა ფილიპო ბრუნელეშის პროექტით, ლუკა პიტისთვის.

1550 წელს პიტის სასახლე შეიძინა კოსმო მედიჩის მეუღლემ, ელეონორა ტოლედომ, რის შემდეგაც მან შეიძინა განსაკუთრებული სტატუსი – გახდა მედიჩების ოფიციალური რეზიდენცია.

მე-17 და მე-19 საუკუნეებში პიტის სასახლემ განიცადა მოდერნიზება და დღეს იგი ფლორენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობაა.

ბობოლის ბაღები

პიტის სასახლს გარს აკრავს ბობოლის ბაღები, ორივე ეს ღირშესანიშნაობა, ოდესღაც ქალაქის მმართველების- მედიჩების ოჯახის მფლობელობაში იყო.

ბობოლის ბაღების გაშენება კოსმო მედიჩის ცოლთან ასორცირდება, ბობოლის ბაღები ეს არის ადგილი, სადაც ყოფნა არ მოგბეზრდებათ. იგი გაშენებულია კლასიკურ იტალიურ სტილში.

ბობოლის ბაღების ძირითადი მომხიბვლელობა მასში განთავსებული 16-18 საუკუნეების სკულპტურებშია, რომლებიც გაფანტულია უზარმარი ბაღის სხვადასხვა ადგილზე და ქმნის განსაკუთრებულ გარემოს.

2013 წლის ზაფხულიდან, ბობოლის ბაღები შეტანილ იქნა უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

ბოლოსიტყაობა

ფლორენციაზე ბევრი სხვა რამის თქმა შეიძლება, თუმცა რამდენიც არ უნდა ვწეროთ, ამით მხოლოდ გამძაფრდება სურვილი მისი სტუმრობისა, ამიტომაც, სჯობს პირდაპირ გაემგზავროთ ფლორენციაში და თქვენი თვალით იხილოთ ეს ულამაზესი ქალაქი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

ტოსკანა – იტალიის მშვენება

იტალიის ულამაზესი ქალაქები

რა ვჭამოთ ფლორენციაში

Share :