ლუდის ეკლესია ჰარლემში
გიყვართ ლუდი? მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლუდის ეკლესიას ჰარლემში, რომელიც მდებარეობს ამსტერდამიდან 20 წუთის სავალზე.
ჯოპენკერკის (Jopenkerk) ლუდის ბარი არის ადგილი, სადაც თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ მსოფლიოში ცნობილი, უნიკალური ლუდი.
ჯოპენის ლუდის ბრენდის დაარსება დაკავშირებულია ერთ-ერთი ეროვნული ფესტივალისთვის მზადების პროცესთან, როდესაც მე-16 საუკუნის დროინდელი რეცეპტით დამზადდა ლუდი, რომელმაც უცებ მოიპოვა პოპულარულობა და შესაბამისად წარმოიშვა ბრენდიც.
დღესდღეობით ჯოპენი ამზადებს სხვადასხვა საინტერესო და უნიკალურ ლუდს, მათ შორის რამდენიმე ლუდი მზადდება შუა საუკუნეების რეცეპტით. ყველაზე მოთხოვნადი ლუდებიდან გამოირჩევა ლუდი სახელწოდებით Ongelovige Thomas და უფრო მსუბუქი ლუდი Jopen Hoppenbier. ასევე საინტერესო ლუდია Jopen Koyt-ი, რომელიც დამზადებულია 1407 წლის რეცეპტით.
2010 წელს ჯოპენმა გახსნა ბარი ძველ ეკლესიაში ჰარლემში, რომელმაც მოიპოვა დიდი წარმატება და გახდა პოპულაური ყველა ასაკის მომხმარებლისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რომლებიც ხშირად სტუმრობენ აღნიშნულ დაწესებულებას.
ჯოპენკერკი მუშაობს დილის 10 საათიდან ღამის 1 საათამდე. ჯოპენკერკის ბარი არის შესანიშნავი ადგილი, როგორც მხოლოდ ლუდის დასალევად, ასევე ლუდთან ერთად გემრიელი საჭმელების მისართმევადაც, გარდა ამისა ბარში ტრიალებს მყუდრო ჰოლანდიური ატმოსფერო, რაც ტურისტებისთვის დამატებითი სტიმულია მისი სტუმრობისთვის.